თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გერმანიაში ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ „შემაშინებელი“ შედეგები გამოავლინა, ვინაიდან გაირკვა, რომ მათი მესამედი ქალის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას მისაღებად მიიჩნევს, წერს გამოცემა Welt.
საერთო ეროვნული რეპრეზენტაციული კვლევა Plan International Germany-მ ჩაატარა 18-დან 35 წლამდე მამაკაცებს შორის. აღმოჩნდა, რომ:
გამოკითხულთა 33% მისაღებად მიიჩნევს, თუ პარტნიორ ქალთან კამათისას ზოგჯერ „ხელი წაუცდება“;
34%-ს უკვე მიუმართავს კიდეც ძალადობისთვის, რათა „პატივისცემა ესწავლებინა“ ქალისთვის.
გარდა ამისა, რესპონდენტების 48%-მა ძლიერი ზიზღი გამოავლინა ჰომოსექსუალიზმის საჯაროდ დემონსტრირების მიმართ. 48 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს მათ „აწუხებთ“.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტრადიციული „დიასახლისის“ იმიჯი მტკიცედ არის გამჯდარი ბევრი მამაკაცის გონებაში: გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ მამაკაცის როლი — საკმარისი ფულის გამომუშავებაა, რათა ქალმა თავს მოუაროს და საოჯახო საქმეებს მიხედოს.
ამასთან გაირკვა, რომ ყოველ მეორე გერმანელ ახალგაზრდას არ სურს ქალთან ურთიერთობა, თუ მას უკვე ჰყავდა ბევრი სექსუალური პარტნიორი.
კვლევა მიმდინარე წლის 9-21 მარტს ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით, რა დროსაც 18-დან 35 წლამდე ასაკის 1000 მამაკაცი და 1000 ქალი გამოიკითხა.
წყარო: Welt