თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრობლემა უწოდა იმას, რომ ქვეყანაში სუროგაციის სფერო არანაირად არ რეგულირდება – ამ გზით დაბადებული ბავშვები შეიძლება უცხოეთში ერთსქესიანმა წყვილებმაც გაიყვანონ.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომლის თანახმად, სუროგატული დედის მომსახურების მიღებას მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ.
„ვრცელდება ძალიან ბევრი რეკლამა... ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არის ინფორმაციები, რომ შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ და შეიძლება უამრავი პრობლემა იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, გარკვეული პერიოდის წინ შეიქმნა საბჭო დემოგრაფიულ საკითხებზე, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, სუროგაციასთან დაკავშირებული პრობლემა დაასახელა. პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგულაციის არარსებობა ამ მიმართულებით ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
„სუროგაციის საკითხი საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან ეს უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ქვეყნის იმიჯს და ა.შ... იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ, სანამ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ევროპული ქვეყნების პრაქტიკა შეისწავლა. მაგალითად, სუროგატული დედობა აკრძალულია საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, შვედეთში, ფინეთში, იტალიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში.
სუროგატული დედობა ნაწილობრივ დაშვებულია ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. იქ ჰიბრიდული მეთოდი მოქმედებს.
საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომლითაც უცხოელებს საქართველოში აეკრძალებათ სუროგატული დედების მომსახურებით სარგებლობა.