ინვესტიციები და პარტნიორობის განმტკიცება - აჭარის მეთაური ნიუ-იორკის მერს შეხვდა

აჭარაში ინვესტიციები გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძისა და ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები იყო აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა აჭარაში, ასევე კონკრეტული პროექტების განხორციელება.
რიჟვაძე აშშ-ს უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესში და FIABCI World Awards-ის პრემიის გადაცემის ცერემონიაში (მაიამი, 5–9 ივნისი) მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. აჭარის მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კონგრესის უმაღლესი ჯილდო მიიღო, ხოლო ბათუმის სტადიონმა Adjarabet Arena – ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა“.

„ერთად დავგეგმეთ პროექტები, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, ასევე ხელს შეუწყობს პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები და ინფორმაცია გაცვალეს კონკრეტული პროექტების რეალიზაციის თაობაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მნიშვნელოვან შეხვედრებს, რომლებიც რიჟვაძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა, და მიღწეულ შედეგებს.
თორნიკე რიჟვაძეს მაიამიში პრესტიჟული კონკურსის ჯილდო გადაეცა>>
აჭარის მთავრობის მეთაურმა ნიუ-იორკის მერს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის, ასევე ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ.
აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რიჟვაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში არაერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ის შეხვდა მაიამი-ბიჩისა და მაიამი-დეიდის მერებს, ფლორიდის გუბერნატორს, ასევე შეხვედრები გამართა საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მიიღო>>
აჭარაში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და 116,5 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, იზრდება რეგიონში ტურიზმის აღდგენის დინამიკა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. აჭარაში 2022 წელს 3,9 მლნ ვიზიტი განხორციელდა. მთავრობას 2023 წლის საზღვაო სეზონთან დაკავშირებითაც დადებითი მოლოდინები აქვს.