საქართველოში ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

სიძვირის გამო საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით ძირითადად უცხოელები სარგებლობდნენ.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა გეგმავს ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუშვას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთან დაკავშირებითაც განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გააკეთა, პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება.

„ინ ვიტრო“ განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება. ვფიქრობთ, შემოდგომაზე დამტკიცდება და 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რის შემდეგაც ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.

საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს, აღნიშნა მან.

„ეს ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე შეიძლება ყოფილიყო ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო. ასევე, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით", – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება დადებითად აისახოს საქართველოს დემოგრაფიაზე.
„იმის გამო, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, დამკვეთები, ძირითადად, უცხოელები არიან და არა საქართველოს მოქალაქეები", – განაცხადა აზარაშვილმა.
გარდა ამისა, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
„კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ ქვეყანაში აიკრძალება ყველა ამ ტიპის რეკლამა. თქვენ ალბათ შეგხვედრიათ რეკლამა ქუჩებსა და მეტროში, სოციალური ქსელებში. არსებობს სუროგაციის, „ინ ვიტრო“ განაყოფიერების კუთხით სხვადასხვა წინადადებები. ეს სამწუხარო პრაქტიკა დარეგულირდება კანონით“, – განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონმდებლობა ასევე დაარეგულირებს ალტრუიზმის პრინციპს, როდესაც სუროგაცია უანგაროდ იქნება შეთანხმებული.
„საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და შეიძლება მიიღოს მხოლოდ ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებულ უხერხულობას ახლავს თან – ან სამედიცინო გამოკვლევებთან, ან მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ საქართველოში იყო სუროგაციის დაახლოებით ათასი შემთხვევა, ახლა კი 2 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.