თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ებრაელი და პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ, რომლებიც ქვეყანაში აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
ისინი სტუმრობდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხეს, დელფინარიუმს, ასევე მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები გასინჯეს, ფოლკლორ შოუს დაესწრნენ და ქედის ტურისტული ადგილები მოინახულეს.
პრეს-ტურის ბოლოს ჟურნალისტებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.
მედიატურის მონაწილეებს შორის არიან პოლონეთისა და ისრაელის წამყვანი ვებ-პორტალების, ტელეარხების, რადიოს ჟურნალისტები და ცნობილი ბლოგერები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ივნისის განმავლობაში გამოქვეყნდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისთვის ინფოტურების ორგანიზებას აქტიურად აგრძელებს. მიმდინარე წელს აჭარაში იმყოფებოდნენ სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი ჟურნალისტები. 2022 წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.