თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ მისგან ელოდება რეფორმებს, ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ ოლაფ შოლცის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
პრეს-სამსახურის ცნობით, შოლცმა ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას გადადგას აუცილებელი ნაბიჯები რეფორმებისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები არის ორიენტირი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე.
კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას მომდევნო კვირების განმავლობაში ყველა ძალისხმევა მიმართოს ხსენებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად.
საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის პრეს-სამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.