თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ვინც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობების შესრულების გამო, უნდა მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის მარინა კალიურანდის განცხადების კომენტირებისას.
კალიურანდმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განცხადებები საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციიდან 80%-ის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი 12 პირობის შესრულების კუთხით „ჯერ კიდევ არასრული და ნაწილობრივ ზედაპირულია“. როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ეს ასევე მოქმედებს იმაზე, რომ „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთი საკვანძო მიმართულებაში ჩამორჩება“.
„ერთი მარტივი პასუხი არის ამ ყველაფერზე – თუ ვინმე გვაკრიტიკებს, მან შესაბამისი არგუმენტები უნდა მოიყვანოს... ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის მოსაზრება, შეიძლება სხვა დეპუტატსაც ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი მიიღებს აუცილებლად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გაგიხარდებათ როგორც თქვენ, ასევე საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრეგაძემ.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები დადიან ევროპულ დედაქალაქებში და გადიან კოლეგებთან ყველა იმ საკითხს, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. კარგის მეტი არაფერი გაგვიგია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.