რჩება თუ არა ინფლაცია მთავარ გამოწვევად? მაისის თვის მიმოხილვა

როგორია ინფლაციური წნეხი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რამდენი იყო წლიური ინფლაცია მაისში და კიდევ რამდენ ხანს იქნება ფასების ზრდა მსოფლიოს გლობალური პრობლემა.
Sputnik
ვარდობისთვე წარსულს ჩაბარდა, თიბათვე დაიწყო და მალე უკვე პირველი დეკადაც მიილევა. ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატებ. რას გულისხმობ? − ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ, გასული თვის ინფლაციური პროცესების შეჯამების დროა. ამთავითვე ვიტყვი, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან გამოკვეთილი პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა. კაცმა რომ თქვას, სახელისუფლებო გუნდში, ეროვნულ ბანკსა და ანალიტიკურ წრეებში სწორედ ამას ვარაუდობდნენ. არ არის საკამათო, რომ მას შემდეგ, რაც აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს, 3 პროცენტს ჩამოსცდა და 2,7 პროცენტი შეადგინა, მომავლის ოპტიმისტური პროგნოზი საფუძვლიანი იყო.
ერთი სიტყვით, ყველას ინფლაციის კიდევ უფრო შემცირების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა საკითხავი იყო – რამდენით? სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“კითხვაზე პასუხი ტრადიციულად წინასწარ დათქმულ დროს გასცა. 1,5 პროცენტი − ასეთია მაისის თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი. ვიდრე ინფლაციის სტრუქტურას მიმოვიხილავ, მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის გამო 2020 წლიდან მოყოლებული მზარდი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, მარტის თვის ბოლოს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. გლობალური პრობლემა საქართველოზეც აისახა. 2021 წლის ივლისის თვიდან მოყოლებული გასული წლის დეკემბრის თვემდე ქვეყანა ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. მართალია, მიმდინარე წლის დასაწყისისთვის ინფლაციური წნეხი შემცირდა და ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდა. გასულ წელს კი ინფლაციის წლიური საშუალო მაჩვენებელი 13,9–9,8 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.
რატომ უფასურდება ლარი?
დადებითი დინამიკა მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაგრძელდა და თუ გასული წლის იანვარ-მაისში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 14,54 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ამავე პერიოდში 5,4 პროცენტია.
რატომ იკლებს ინფლაცია? ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე მრავალჯერ გავეცი. სიახლე არაფერია და მხოლოდ გავიმეორებ, რომ ინფლაციის მკვეთრად შემცირებას ხელი შეუწყო როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორებმა. კერძოდ, მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების შემცირება, სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფება იყო ძირითადი ფაქტორი, რამაც ინფლაციური წნეხის შერბილება გლობალურად დააჩქარა. საქართველოში ინფლაციის შემცირებას დამატებით ძლიერი სტიმული მისცა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებამ და სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტებისთვის ახალი საკრედიტო რეგულაციების დაწესებამ.
გთავაზობთ გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას – როგორი იყო მაისის თვეში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი.
აპრილის თვის ანალოგიურად რეიტინგს სათავეში უდგას სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ზედიზედ მეხუთე თვეა, რაც ჩამონათვალის პირველ ოთხეულშია. მაისში გაძვირების მაჩვენებელი 18,4 პროცენტია. ფასები, ძირითადად, გიზარდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება − 27,9 პროცენტით; პირადი ჰიგიენა − 12,5 პროცენტით; სხვა სახის მომსახურება – 92,0 პროცენტით. ამავე ჯგუფის აპრილის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,1 პროცენტი იყო.
რას და როგორ აფინანსებს საბანკო სექტორი?
ფასების ზრდის 11,1 პროცენტით მეორე პოზიცია, აპრილის მსგავსად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფმა დაიკავა. საგულისხმოა, რომ მიგრაციული პროცესის გააქტიურებისა და ტურისტული ნაკადის მატების შედეგად ეს ჯგუფი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მუდმივად პირველ სამეულშია, ხოლო თებერვალსა და მარტის თვეებში ის რეიტინგის სათავეში იყო. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფის აპრილის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 11,9 პროცენტი იყო.
აპრილის თვისგან განსხვავებით, რეიტინგში მეხუთე ადგილიდან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფმა. წლიურად მაისში ჯგუფში ფასებმა 7,1 პროცენტით მოიმატა, აპრილში კი ეს მაჩვენებელი 6,7 პროცენტი იყო.
განათლების ჯგუფში, ისევე, როგორც აპრილში, ფასები 6,8 პროცენტით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ჯგუფმა მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა.
პირველ ხუთეულშია ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფი, სადაც ფასებმა 5,0 პროცენტით მოიმატა. აპრილის თვეში წლიური ინფლაციის 4,9 პროცენტით ეს ჯგუფი რეიტინგში მეშვიდე იყო.
მომდევნო ადგილები კი ასე განაწილდა: საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფს ფასების ზრდის 3,7 პროცენტით მეექვსე ადგილი უკავია. აპრილის თვეში კი გაძვირების 10,3 პროცენტით ამავე ჯგუფს მესამე პოზიცია ეკავა.
სად გადის შესაძლებლობების ზღვარი, ანუ როდემდე გამყარდება ლარი?
მკითხველს გაუკვირდება, მაგრამ ფაქტია, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად რეიტინგის პირველ სამეულში იყო, აპრილის თვესთან შედარებით, კიდევ ერთი საფეხურით უკან დაიხია და ფასების ზრდის 3,3 პროცენტით მეშვიდე პოზიცია დაიკავა. ცალკეულ სახეობებზე კი ფასების ზრდის დინამიკა ასე გამოიყურება: ხორცი და ხორცის პროდუქტები 9,7 პროცენტით; რძე, ყველი და კვერცხი 9,3 პროცენტით; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7,1 პროცენტით გაძვირდა. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასებმა კი 6,3 პროცენტით მოიმატა. თევზეული 6,0 პროცენტით; ყავა, ჩაი და კაკაო 4,6 პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2,2 პროცენტით არის გაძვირებული, ხოლო პურისა და პურპროდუქტების ფასებმა 1,8 პროცენტით მოიმატა. ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე 17,0 პროცენტით და ხილსა და ყურძენზე 12 პროცენტით. ამ ჯგუფის აპრილის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5,9 პროცენტი იყო.
ფასების ზრდის 1,7 პროცენტით რეიტინგში მერვე ადგილზე დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფია. მეცხრე ადგილი კი გაძვირებ-გაიაფების ნულოვანი მაჩვენებლით, ანუ 0,0 პროცენტით ტანსაცმელს და ფეხსაცმლის ჯგუფს უკავია.
ტრადიციულად ჩამონათვალში არის ის ჯგუფებიც, სადაც წლიურ ჭრილში ფასები შემცირებულია. ყველაზე მეტად გაიაფებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს, აპრილის ანალოგიურად, გაიაფების 12,9 პროცენტით ტრანსპორტის ჯგუფი ლიდერობს. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 20,3 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 2,0 პროცენტით შემცირდა. ფასები 6,4 პროცენტით გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე.
რეიტინგში მომდევნო პოზიცია კი ფასების შემცირების 7,5 პროცენტით ჯანდაცვის ჯგუფმა დაიკავა. სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 18,1 პროცენტით გაიაფდა. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 12 პროცენტით, საავადმყოფოების მომსახურება კი 6,7 პროცენტით გაძვირდა.
ფასების შემცირების 3,4 პროცენტით კავშირგაბმულობის ჯგუფს რეიტინგის ბოლო ადგილი უკავია.
საგულისხმოა, რომ ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად ევროზონაშიც შემცირდა და თუ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი აპრილში 7 პროცენტი იყო, მაისში 6,1 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდა. ეს გასული წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგია. ამავე დროს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა თურქეთსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოებში. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ისეთი პირი უჩანს, მსოფლიო ინფლაციის გლობალურ გამოწვევას უკვე თანდათან ალღოს უღებს. როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, დრო გვიჩვენებს...
სამსონ ხონელი