როდის დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა? ვიცე-პრემიერის განმარტება

ვაზიანის აეროპორტი უსაფრთხოების კუთხით, ერთ-ერთი მიმზიდველი ვარიანტია, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2024 წლის დასაწყისისთვის გეგმავს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს - არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის იპოდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.
„ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, რომელიც, ალბათ, 3-4 წელიწადს გაგრძელდება", - განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
მინისტრის თქმით, მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობის ან არსებულის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ გარკვეული გეგმები უკვე არსებობს, რომელიც TAV Georgia-სთან (კომპანია, რომელიც მართავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს) ერთად შემუშავდა.
„თუმცა, ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა, მინიმუმ ტექნიკური პირობები, მიმდინარე წელს განისაზღვრება. ასე რომ, იმედი გვაქვს მიმდინარე წელს შევძლებთ არქიტექტურული კომპანიის შერჩევას", - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, მთავრობის განკარგულებით, მოხდება რამდენიმე საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის და საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება, რომლებთანაც მიდიოდა მოლაპარაკებები. გარდა ამისა, შემოწმდება ქართველი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევები და ჩატარდება დამატებითი კვლევები მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად.
უცხოელი ვიზიტორები საქართველოში: პირველი კვარტლის მონაცემები>>>
ეკონომიკის სამინისტრო საკითხზე რამდენიმე თვეა მუშაობს. სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა არსებული აეროპორტის შესაძლებლობები, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ მას მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს, მათ შორის - ტერიტორიიდან და განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე, აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილის თქმით, თბილისის აეროპორტს სანავიგაციო კუთხით გარკვეული შეზღუდვები არსებობს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და კლიმატურ პირობებთან.
„ვაზიანის აეროპორტი უსაფრთხოების კუთხით, ერთ-ერთი მიმზიდველი ვარიანტია. ეს მდებარეობა ტრადიციულიც არის და ზუსტად იმიტომაც იყო იმ ლოკაციაზე, რომ მას სანავიგაციო კუთხით ბევრი უპირატესობა გააჩნია", - განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილის განმარტებით, ახალი აეროპორტის ან არსებულის განვითარებაზე საუბრისას მთავრობა ითვალისწინებს ბევრ ეკონომიკურ საკითხს, ურბანული განვითარების კუთხით, ასევე ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც აეროპორტმა უნდა გააჩინოს.
მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ საავიაციო ინფრასტრუქტურაზე, რადგან აეროპორტი არის მთელი ეკოსისტემა, სადაც ხდება ბიზნესის განვითარება, ტვირთების და ლოჯისტიკური ოპერაციები და ა.შ.
„ამიტომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს გარკვეულად რეგიონული ჰაბი და ცენტრი და ასევე სატრანზიტო ფრენებზე, მათ შორის კარგო-ოპერაციებზე, ამისთვის გვჭირდება განვითარების სივრცე და დიდი ეკონომიკა. საბოლოოდ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ელემენტი და ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას გეგმავს>>>
მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ოპტიმისტური პროგნოზები ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის შესახებ, რასაც ადასტურებს ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული ტენდეცია.
როგორც ადრე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა, აღნიშნულ აეროპორტს კი არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 713,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 41%-ით აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს. პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელი 89%-ით დაიბრუნა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,208,462 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 109.6%-ით მეტია - ახალი მაჩვენებლების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების პანდემიამდელი პერიოდის მონაცემები 74.7%-ითაა აღდგენილი.
2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-დეკემბრის მმონაცემებზე. პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.