თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ახალციხის სოფელ წყალთბილაში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე" .
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამაკაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა.
პაციენტი ინფექციის დადასტურებიდან ორ დღეში გარდაიცვალა.
3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ცხელების რვა შემთხვევა გამოვლინდა.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) – განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება.
საქართველოში ყირიმ-კონგოს პირველი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა.
სხვადასხვა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგოს ცხელება გავრცელებულია აზიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.
წყარპ - სამხრეთის კარიბჭე