თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალ საკურორტო სეზონს მომზადებული ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცათ, მათ შორის 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach Tech), 1 ქუჩის სარწყავი მანქანა, 7 თვითმცლელი ტრაქტორი, 3 ექსკავატორ-დამტვირთველი და 3 თვითმცლელი მანქანა.
ასევე გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით გადაეცათ 3 ტრაქტორი თვითმცლელი და 1 თვითმცლელი მანქანა/
სპეციალური ტექნიკა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ შეიძინა.
სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების გაუმჯობესებას და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.