თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სულთმოფენობის წინა დღეს, სულის შაბათს მორწმუნეებს მიმართა და ანუგეშა ისინი.
„აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მისი თქმით, ამ დღეს ეკლესია ლოცვებს აღავლენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დაღუპულთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდპანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლად შესვენებულთათვის.
სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.
სულთმოფენობა ყოველთვის აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიები მინდვრის ყვავილებითა იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს.
მრევლს ყვავილები სახლში მიაქვთ და 1 წლის განმავლობაში ინახავენ, იმ რწმენით, რომ მათ სამკურნალო ძალა აქვთ.
ამ დღეს განსაკუთრებული მსახურების დროს მოიხსენიებენ არა მხოლოდ ნათესავებსა და ახლობლებს, არამედ მათ, ვისი სახელიც არ იციან, ყველას, ვისაც ოდესღაც უცხოვრია დედამიწაზე, უსახელო მეომრების ჩათვლით.
წყარო - საპატრიარქო