თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნება, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ზღვის სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება, „ზაფხულის ფესტივალის" დევიზი ტრადიციულად იქნება ფრაზა „ზაფხული იწყება აქ“.
ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც „ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათზე დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა ბუზალაძე, სალიო, „არა“, „მონსტერ-ლობსტერი“, LOUDSPEAKERS, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“ და სხვ.
დღის განმავლობაში ფესტივალზე იმუშავებენ ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00 საათიდან კი ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, საცოცი კედელი, STREET ART და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ზაფხულის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება.