თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლამდე გადავადდა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა მიეცემათ.
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის შეფასების ადეკვატური სისტემის შექმნა განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს იმაღლებენ, სახელფასო დანამატს იღებენ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ", – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რაც უწყებას მასწავლებლებისთვის საჭიროებების სწორად გაანალიზების საშუალებას მისცემს.
პედაგოგის პორტფოლიო – ეს არის არა მხოლოდ ინფორმაცია პედაგოგზე, არამედ ფართო დოკუმენტაცია, რომელიც მის პროფესიულ უნარებს ადასტურებს. მასწავლებლების პორტფოლიო შეფასდება, როგორც გაზრდილი კვალიფიკაციის სტატუსის მიღების კომპონენტი.
„ეს პერიოდი გვინდა გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას", – აღნიშნა ამილახვარმა.
პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.
საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა.