თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამას ბექა გრიგორიადისს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის ნება არ მისცეს და დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
1 მაისს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავად ლაზარეს დაკავების ფაქტს არ ეთანხმებიან ქართული ოპოზიციის ნაწილი და მისი ახლობლები. ბოლო დღეებში ბექა გრიგორიადისმა და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს.
გუშინ აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კარვის გაშლა სცადეს. შედეგად – ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქმის დეტალები
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.