თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახალი ვადით ხელახლა აირჩიეს - მან ხმების 52%-ზე მეტი მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აჰმედ იენერმა გამოაცხადა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა - ერდოღანის მეტოქე ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იყო.
„28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია დავამუშავეთ და შევაჯამეთ შედეგები: 52,18%-მა ხმა მისცა ერდოღანს, 47,82%-მა - ქემალ ქილიჩდაროღლუს“, - ციტირებს იენერს „რია ნოვოსტი“.
არჩევნების მეორე ტურში აქტივობამ 84,15% შეადგინა, უცხოურ წარმომადგენლობებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე – 56%.
ჯამში თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ 54 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, საიდანაც 27,8 მილიონმა ერდოღანს დაუჭირა მხარი, ხოლო ქილიჩდაროღლუს - 25,4 მილიონმა.
უცხოელი ლიდერების სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაში, ჯერ არ არის დასრულებული, მიმდინარეობს დაზუსტება, განაცხადა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ომერ ჩელიკმა.