თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველომ უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი უნდა დაუჭიროს ერთხმად ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
„მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან სიტყვიერი დაპირება მივიღე, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა ჩვენი საკითხის განხილვა იქნება. ისინი აღიარებენ იმ პროგრეს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვნად შეამცირებს პოლარიზაციის დონეს საზოგადოებაში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საქართველომ 12-დან ცხრა რეკომენდაცია უკვე შეასრულა. ამასთან, ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი კვლავ საზოგადოების პოლარიზაციაა.