თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. 2023 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ამოქმედდება რიგი ცვლილებები, რომლებიც შეეხება როგორც მოქალაქეებს, ისე მეწარმეებს.
„Sputnik- საქართველომ" მთავარი სიახლეები შეაგროვა.
შეღავათები ტაქსის მძღოლებისთვის
A კატეგორიის ტაქსის მანქანები, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1 ივნისიდან ავტობუსის ზოლზე გადაადგილებას შეძლებენ.
A კატეგორიის ტაქსები დაიშვებიან მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი.
ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში 2023 წლის 1 აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ, თუმცა მათ ეკრძალებათ ავტობუსის ზოლში გადაადგილება.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B.
ტაქსის რეფორმის ფარგლებში 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს.
დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
სპეციალური სტანდარტი კვების პროდუქტებზე
1 ივნისიდან კვების პროდუქტების ყველა მწარმოებელი და რეალიზატორი, ასევე გადამამუშავებელი პუნქტი ვალდებულია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს.
HACCP ანუ Hazard Analysis and Critical Control Points – კონცეფციაა, რომელიც ითვალისწინებს იმ სახიფათო ფაქტორების სისტემატურ იდენტიფიცირებას, შეფასებას და მართვას, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პროდუქციის უსაფრთხოებაზე.
სიახლე შეეხება ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის ობიექტებში მუშაობენ.
გარდა ამისა, HACCP-ის პრინციპები უნდა დაიცვან ბიზნეს-ოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ ან ამუშავებენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს (ხორცი და ხორცპროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული პროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, კვერცხი, თაფლი).
ახალი წესის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
2015 წლიდან ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოები და სასაკლაოები ვალდებული არიან იმუშაონ HACCP-ის პრინციპით, 2018 წლიდან კი მათ დაემატა საექსპორტო თხილის მწარმოებლები.
მოთხოვნები საკვებ დანამატებთან დაკავშირებით
1 ივნისიდან საქართველოში საკვები დანამატების დამზადებისა და მათი რეალიზაციის წესი ამოქმედდა.
წესების თანახმად, საკვები დანამატების წარმოებაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვიტამინებისა და მინერალების გამოყენება, ისიც მხოლოდ გარკვეული ფორმით.
საკვები დანამატების წარმოებია უნდა განხორციელდეს მაქსიმალური დღიური მოხმარების, ასევე ვიტამინებისა და მინერალების მიმართ რისკებისა და მგრძნობელობის გათვალისწინებით.
საკვები დანამატების გაყიდვა მხოლოდ ამ სახელწოდებით იქნება შესაძლებელი და არა როგორც საკვები პროდუქტი. თუმცა, ეტიკეტი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაავადების პრევენციის ან განკურნების შესახებ.
თუმცა, თითოეული პროდუქტის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული თავად ვიტამინები და მათი ფორმა, პორცია და მოხმარების რაოდენობა დღეში, გაფრთხილება დოზის გადაჭარბების შესახებ და იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა დანამატებმა არ უნდა ჩაანაცვლოს საკვები, ასევე გაფრთხილება მცირეწლოვან ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ.
იმპორტის გადასახადი ფქვილზე
10 ივნისიდან საქართველოში ფქვილზე იმპორტის დროებითი გადასახადი ამოქმედდება. ახალი წესები ძალაში ხუთი თვის განმავლობაში იქნება.
სიახლის მიზანია ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობა. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში პურის ღირებულების გაზრდას არ გამოიწვევს.
როგორც ადრე საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს, მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა მუშაობა, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.