საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტში გაეცნენ

საქართველოში ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება MICE-ტურიზმი
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ფრანკფურტში გამართული საერთაშორისო გამოფენის სტუმრები და დამთვალიერებლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა IMEX Frankfurt 2023-ში მიიღო მონაწილეობა.
IMEX Frankfurt 2023-ს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად ბიუროს წევრი 10 კომპანია დაესწრო, მათ შორის იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პოტენციური პარტნიორებისთვის პრეზენტაციები მოაწყო. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით შეხვედრები გაიმართა 42 საერთაშორისო კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან.
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გერმანიაში გაეცნენ
გამოფენის ფარგლებში უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის გაცნობა და ქართული ღვინის დაგემოვნება შეძლეს.
საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება MICE-ტურიზმი. აღნიშნული კონცეფცია მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას. კერძოდ:
meetings – კორპორატიული შეხვედრები, პრეზენტაციები, მოლაპარაკებები;
incentives – წამახალისებელი ან სამოტივაციო ტურები და პროგრამები, პერსონალის გადამზადება, კორპორატიული ღონისძიებები;
conferences – კონფერენციები, კონგრესები, ყრილობები, ფორუმები, სემინარები;
exhibitions – გამოფენები, საიმიჯო ღონისძიებები, ფესტივალები, საქველმოქმედო კონცერტები.