კობახიძე: რუსეთისთვის სანქციების დაწესება ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა

როდესაც სხვას უწესებ სანქციებს, მიზანი უნდა იყოს, რომ სხვას მეტი ზიანი მიაყენო, ვიდრე საკუთარ თავს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გამოიწვევდა საქართველოში ესკალაციას და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა კოლოსალურ ზარალს მიიღებდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის დემარშის კომენტირებისას, რომელიც ქვეყანამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო მიიღო.
29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს გადასცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური დემარში. ელჩის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე არ დაკეტა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად.

„ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ევროკავშირის ელჩებს მოეთხოვათ საქართველოსგან სანქციების დაწესება. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რას გამოიწვევდა სანქციების დაწესება: პირველი, ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, ესკალაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, მეორე ფრონტის კუთხით, ეს იქნებოდა სერიოზული რისკების შემცველი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, როდესაც სხვას უწესებ სანქციებს, მიზანი უნდა იყოს, რომ სხვას მეტი ზიანი მიაყენო, ვიდრე საკუთარ თავს. ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში კი რუსეთისთვის ეს იქნებოდა ნულოვანი ზიანის მომტანი, აღნიშნა მან.
„ჩვენი ვაჭრობის წილი რუსეთის საერთო ვაჭრობაში არის 0,3%. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით, აქედან გამომდინარე, რუსულ ეკონომიკას ვერავითარ პრობლემას ვერ შევუქმნიდით“, – აღნიშნა კობახიძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
კალაძე დემარშზე: საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს >>
კობახიძის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოსთვის დადებით შედეგს არ მოიტანდა, პირიქით, გამოიწვევდა ეკონომიკის შემცირებას 10%-დან 18%-მდე.
„ქართული ეკონომიკა დაკარგავდა, სულ მცირე, 2,5 მილიარდ დოლარს, შეიძლება, დანაკარგი ყოფილიყო 4,5 მილიარდი დოლარიც, რაც არის კოლოსალური თანხა და ეს ყველაფერი გამოიწვევდა რამდენიმე ასეული ათასი ჩვენი თანამოქალაქის მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვას. და კითხვა უნდა დაისვას, ვინმე აგვინაზღაურებდა ამას?“ – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ პირობებში სანქციების დაწესების მოთხოვნა უსამართლო და არასწორია.

„მაშინ კომპენსაციაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ასეთ კომპენსაციას, ბუნებრივია, არავინ არ გვთავაზობს“, – აღნიშნა კობახიძემ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ რუსეთთან ივაჭრა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი, რაც რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირის ბრუნვამ რუსეთთან კი, „ევროსტატის“ მონაცემებით, თითქმის 260 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მაქსიმუმი იყო.
ამასთან კობახიძემ მოლდოვის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ასევე არ აწესებს სანქციებს და ამის გამო არავინ არაფერს არ მოითხოვს მისგან.
„ეტყობა, აქ სხვა ინტერესებია. გარდა ე.წ. ზეპირი დემარშისა, არსებობს წერილობითი დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის საუბარი სანქციების დაწესებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ჩვენი მდგომარეობა განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებისგან: დავითაშვილის პასუხი დემარშზე >>
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მანამდე პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
საქართველომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ევროკავშირისგან ოფიციალური დემარში მიიღო >>
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.