თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ევროკავშირი გმობს სერბებსა და კოსოვოს პოლიციას შორის შეტაკებებს სერბეთის ქალაქ ზვეჩანში და მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს დღევანდელ შოკისმომგვრელ ძალადობას ზვეჩანში. KFOR-ის ჯარისკაცების, მასმედიის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები სრულიად მიუღებელია“, — წერს ბორელი Twitter-ზე.
მან მოუწოდა კოსოვოს ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ განმუხტონ დაძაბული ვითარება და პოლიტიკური გადაწყვეტილება დიალოგის გზით მოძებნონ.
მანამდე, 29 მაისს ერთი მხრივ კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციასა და ნატოს კონტინგენტ KFOR-ის მებრძოლებსა და მეორე მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი სერბი და KFOR-ის 40-ზე მეტი მებრძოლი დაშავდა. სერბული მხარე მიიჩნევს, რომ KFOR გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად არ მოქმედებდა, რომელიც უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ვითარება ჩრდილოეთ კოსოვოში გასული კვირის ბოლოს დაიძაბა, როდესაც 23 აპრილის კენჭისყრით არჩეულ ქალაქების მერებს თანამდებობები უნდა დაეკავებინათ. კოსოვოს სერბმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და პრიშტინის მიერ დამტკიცებული პოლიტიკოსების დანიშვნა გააპროტესტა ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები შეადგენენ.
26 მაისს კოსოვოელმა სერბებმა მერიასთან გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ლეპოსავიჩის, ზვეჩანისა და ზუბინ-პოტოკის თემებში არეულობები აღკვეთა. სერბეთმა განაცხადა, რომ კოსოვოსთან საზღვარზე თავისი შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. რეგიონში გაეროს ეგიდით ასევე მოქმედებენ ნატოს სპეცდანიშნულების რაზმები (KFOR).