საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან: ზურაბიშვილმა ერდოღანს გამარჯვება მიულოცა

წინასწარი მონაცემებით, ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. საბოლოო შედეგები 1 ივნისს გახდება ცნობილი.
Sputnik
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს მეორე ვადით არჩევა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
ბიულეტენების 99,43%-ის დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ერდოღანმა ხმების 52,14% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 47,86%. წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ახალ პრეზიდენტად არჩეულია რეჯეფ თაიიფ ერდოღანი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივნისისა.

„ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას. საქართველო და თურქეთი არიან ახლო მეგობრები, რომლებსაც აკავშირებთ მტკიცე მეგობრობა, რომელიც განაგრძობს განვითარებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაგრძელებლად“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ში.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
14 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „სახალხო ალიანსმა“ ხმების 49,3% მიიღო და პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა. ოპოზიციურმა „ნაციონალურმა ალიანსმა“ 35% მიიღო. შედეგად, ერდოღანის კოალიციამ 600 სადეპუტატო მანდატიდან 322 ადგილი მიიღო.
ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 49,52% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქილიჩდაროღლუმ – 44,88%.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.