თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების დაზიანების შესაფასებლად ექსპერტები მიიწვია, განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
ტაძარში არსებული კედლის მხატვრობა სახურავიდან წვიმის წყლის გაჟონვის გამო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები: ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაცია - Studio Projectione e Control-თან.
„ეს კომპანია მოწვეულია გელათის კონსტრუქციული, სეისმური და სტრუქტურული კვლევისა და სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორი - ბატონი ალესანდრო ბოცეტტი და მთავარი სპეციალისტი - ბატონი კრისტიანო რუსსო, გელათში 1 ივნისს ჩამოვლენ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
დროებითი გადახურვა გელათში
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
მეუფის თქმით, ტაძარი სპეციალური დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა, და საპატრიარქომ უკვე გამართა მოლაპარაკებები გერმანული კომპანია Layer-თან, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიო ლიდერია მსგავსი სამუშაოების შესრულების მიმართულებით.
„აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და მათი მოთხოვნით, ჩვენი მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
მანამდე UNESCO-მ დადებითად შეაფასა კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს გელათის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში გაწეული სამუშაო და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის აღდგენისკენ მოუწოდა.
მაგრამ საპატრიარქო უკმაყოფილო დარჩა გელათის სამონასტრო კომპლექსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებით და მოითხოვდა რესტავრაციის ჩატარებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართვის ერთიანი გეგმით.
2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს უშუალოდ საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.
გელათის ირგვლივ განვითარებული მოვლენები
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ პრობლემები 2015-2019 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო.
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
გელათის მონასტერი
© photo: Sputnik / Stringer
სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.