თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში სახელმწიფო ინტერესებს არ დააზიანებს.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გამგზავრებას და ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლას გეგმავს. ეს გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სტრასბურგში წასვლა მთავრობის მხრიდან ვიზიტზე თანხმობის ხელოვნური გაჭიანურების გამო გადაიდო. ამის საპასუხოდ მთავრობამ ზურაბიშვილს სიცრუეში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თანხმობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვის დღესვე გაიცა.
„იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი განცხადებებს „გლობალური ომის პარტიის“ გავლენით აკეთებს.
საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკიდურესად შეზღუდულია.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.