20 წლის ბიჭის მკვლელობა ქობულეთში: ოთხივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

22 მაისს პოლიციამ 20 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიიღო და მისი ძებნა დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ქობულეთის რაიონში გიორგი ალხანიშვილის მკვლელობისა და ცხედრის დამალვის საქმეზე დაკავებულები განაჩენს ციხეში დაელოდებიან.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ სამ თანამზრახველს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ახალი დეტალები: სავარაუდო დამნაშავემ საქართველო უკვე დატოვა >>
თავად ბრალდებულს, რომელმაც საქართველო საქმის გახსნამდე დატოვა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურორის თქმით, მან 19 მაისს ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა.

საქმის დეტალები

უწყების ცნობით, 22 მაისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება 20 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ, პოლიციამ მაშინვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, გიორგი ალხანიშვილი 16 მაისს ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც შელაპარაკების დროს სახლში ერთ-ერთმა მყოფმა, ვინმე ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა დანით მას რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
გამოძიების ინფორმაციით, ამის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულმა ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად ცხედარი მანქანის საბარგულში მოათავსა, სოფლის მახლობლად ტყეში გადაიტანა და დამარხა.
გამოძიების დროს პოლიციამ გაარკვია, რომ მკვლელობის დროს სახლში კიდევ ორი ​​ახალგაზრდა, დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე იმყოფებოდნენ.
„სამძებრო სამუშაოები 22 მაისიდან დაიწყო, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მიმართეს. მათ იცოდნენ ადგილსამყოფელი, თუმცა ოჯახის წევრებს მკვლელობის მონაწილეები უმტკიცებენ, რომ ის სახლიდან ტაქსით გააცილეს,“ – განაცხადა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ბაჟუნაიშვილი და მოკლული კლასელები იყვნენ.
გიორგი ალხანაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, გარდაცვლილი კი დედამ პირადი ნივთების საშუალებით ამოიცნო.
„კლასელები იყვნენ პირველი კლასიდან. წაიყვანა სტუმრად, სტუმარი მოკლა და დამარხა. 8 დღე იყო მიწაში ბავშვი დამარხული. დასახიჩრებულია გვამი, ვერ ამოიცნობა ფიზიკურად, მხოლოდ ნივთებით შეძლო დედამ ამოცნობა, ჯვრით. დედამ მეორე დღესვე დაიწყო მოკითხვა, მაგრამ ეუბნებოდნენ რომ სახლში წამოვიდაო“, - ამბობს მოკლული გიორგი ალხანიშვილის ოჯახის ახლობელი, თამარ საკანდელიძე.
მენაბდეს, ჯიბლაძეს და ახვლედიანს დანაშაულის დამალვა და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.