თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღსადგენად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა.
„არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნაზე არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.