საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები აპრილში შემცირდა

აპრილის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1,1 მლრდ ლარით, ანუ 1,66%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2023 წლის აპრილის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 66,2 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,2 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში აპრილის ბოლოსთვის მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით, 43,09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242,96 მლნ ლარით, ანუ 0,56%-ით ნაკლებია აპრილის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 367,11 მლნ ლარით, ანუ 2,18%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე შემცირდა 610,07 მლნ ლარით, ანუ 2,31%-ით.
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაითვალეს: რა შეიცვალა >>
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 48,69% შეადგინა, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით მეტია 1 აპრილის მაჩვენებელზე.
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,57% შეადგინა, მათ შორის 11,41% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,08% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.

კრედიტების მოცულობა შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 100,18 მლნ ლარით, ანუ 0,22%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 44,77 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 139,19 მლნ ლარით, ანუ 1,12%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 239,38 მლნ ლარით, ანუ 1,2%-ით.
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები რეკორდებს ხსნის >>
2023 წლის აპრილის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,35 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,42%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,06 მლრდ ლარი, რაც 3,15%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.
2023 წლის აპრილში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,29%-ით, ანუ 70,99 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 24,15 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,89% შეადგინა, რაც 0,44 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 აპრილის მაჩვენებელზე.