მსოფლიო დღეს

დაცვამ ვერ ივარგა: უცნობი მამაკაცი შოლცის კორტეჟს შეუერთდა, მერე კი მასთან მიიჭრა და...

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. უცნობი პირი შეუმჩნევლად შეუერთდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ფრანკფურტის აეროპორტისკენ მიმავალ VIP–კორტეჟს, ადგილზე მისული კი ავტომობილიდან გადმოვიდა და მოულოდნელად ჩაეხუტა გერმანიის ლიდერს, იუწყება გამოცემა Bild.
გამოცემის ცნობით, შოლცი მაინის ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის შენობაში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, 24 მაისის საღამოს ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერთან ერთად პოლიციისა და დაცვის თანხლებით აეროპორტისკენ გაემგზავრა.
გზად მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ დასახელდა, თავისი ავტომობილით შეუერთდა სამთავრობო კოლონას და ისე მივიდა აეროპორტამდე, რომ პოლიციას ეს ფაქტი არ შეუმჩნევია.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის ნომერი სათანადო ბაზაში შეტანილი არ იყო, ის მაინც შეუშვეს ფრაპორტის დახურული აეროპორტის ტერიტორიაზე.
როგორც ირკვევა, დელეგაციის წევრები მაშინვე ავიდნენ სამთავრობო თვითმფრინავში, შოლცი კი ცოტა ხნით შეყოვნდა, ვინაიდან ტელეფონზე საუბრობდა ავტომობილში.
როდესაც კანცლერი ლიმუზინიდან გადმოვიდა და აეროპორტის დაცვასთან მივიდა მადლობის გადასახდელად და მათთან სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად (რასაც ის ხშირად აკეთებს), მოულოდნელად უცნობი მამაკაცი მიეჭრა, ხელი ჩამოართვა და გულში ჩასახუტად მიიზიდა.
კანცლერის დაცვამ საფრთხე მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, რაც მამაკაცმა შოლცს ხელი გაუშვა.
მცირე დაყოვნების შემდეგ ისინი გაქცეულ მამაკაცს დაედევნენ და დააკავეს. უცნობის თქმით, მას შოლცის კორტეჟი საქორწინო კოლონაში აერია. რა მდგომარეობაში იმყოფებოდა დაკავებული იმ მომენტისთვის, ამაზე ცნობა არ გავრცელებულა.
აღინიშნება, რომ კანცლერმა მომხდარზე მშვიდი რეაქცია გამოავლინა და ამას არავითარი მნიშვნელობა არ მიანიჭა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არასასურველ შედეგებს მოუტანს სამთავრობო დაცვას.
წყარო: Bild