თბილისი, 25 მაისი – Sputnik. თბილისში 2023 წელს საქართველოსა და საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება, შეთანხმება მიღწეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე საუდის არაბეთის მთავრობის წევრებთან კატარში.
ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრისას ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა.
ფორუმის ჩატარების შესახებ შეთანხმების გარდა, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.
საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საუდის არაბეთთან თანამშრომლობა ინვესტიციების კუთხით, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ბოლო პერიოდის პროგრესი არის შთამბეჭდავი საუდის არაბეთის მთავრობისთვის. შესაბამისად, ჩვენ სხვადასხვა დარგობრივი კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებზე ვიმსჯელეთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფების და კომისიების შექმნა, რომლებიც საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირებას მოახდენენ. ეს იქნება როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით პროექტები.