თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარუდგინა და ცესკოს სიახლეები გააცნო.
შუალედური არჩევნები საქართველოში 29 აპრილს, ძირითადად ელექტრონული კენჭისყრის სისტემით გაიმართა.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 29 აპრილის არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ეს არჩევნები იყო კარგი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად მომზადებული შეხვდეს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა სრულად ჩატარდეს ელექტრონული კენჭისყრის სისტემით, რომლის წესებს ცესკო განსაზღვრავს.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.
კალანდარიშვილმა ისაუბრა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ ახალ ფორმატებზე, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და ექსპერტულ წრეებს.
„მიზნობრივ ჯგუფებთან ეტაპობრივი და უწყვეტი კომუნიკაცია, მათ შორის ორმხრივი კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულებისთვის, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობის შედეგად 2024 წელს არჩევნები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით გაიმართება.