თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს მოუწოდებენ შეწყვიტოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირი აგრძელებს მასთან ვაჭრობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეუერთდნენ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და გამოიჩინონ მეტი ყურადღება სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის კუთხით.
„სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“, მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს აქ ხდება (სანქციების) გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ., უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირი დღესაც უხდის რუსეთს ყოველდღიურად 20 მილიონ ევროს მხოლოდ ერთი მილსადენით გატარებულ გაზში და ეს გაზსადენი გადის უკრაინის გავლით.
„ვინც გადაანგარიშების მოყვარულია, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს, გადაიანგარიშონ და ნახავენ, რა რიცხვებთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
2022 წელს საქართველომ რუსეთთან ივაჭრა დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარი, რაც რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირის ბრუნვამ რუსეთთან კი, „ევროსტატის“ მონაცემებით, თითქმის 260 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მაქსიმუმი იყო.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ექსპორტი რუსეთში ძირითადად არის ღვინო, მინერალური წყალი, წყალი და ა.შ. ამ დროს ევროკავშირიდან რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი არის ლატვია, რომელმაც, პაპუაშვილის თქმით, შარშან სამ თვეში, აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთში შეიტანა იმდენივე ღვინო, რამდენის ექსპორტიც მთელი წლის განმავლობაში მოახდინა საქართველომ.
„საზოგადოებამ შეადაროს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ლატვია, რომელიც ღვინის წარმოებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, საქართველოს ოდენობის (ერთი წლის განმავლობაში) ექსპორტს მხოლოდ სამ თვეში აწარმოებს რუსეთში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამიტომაც არავის არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია – ესაუბროს საქართველოს მორალური პიედესტალიდან, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მორალური პიედესტალიდან როდესაც ხდება საქართველოს მიმართ პრეტენზიების წამოყენება, ქვეყნის შიგნიდან იქნება ეს, თუ ზოგიერთი გარე პოლიტიკოსისგან, თითქოს საქართველო ვაჭრობს, ხელს ითბობს და ა.შ. და, სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან“, – აღნიშნა მან.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა ქვეყნებს შორის ფრენებზე დაწესებული აკრძალვა, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.