თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომლებიც სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანზე საუბრობენ, ემსახურებიან უცხო ძალას და არა საკუთარ ქვეყანას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ 17 მაისს არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის – ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის ბიოგრაფიის შესწავლისას გამოიკვეთა მათი კავშირები აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან – მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი საბჭოში არჩევა „კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კლანის პოზიციებს და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რაც აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს".
კობახიძის თქმით, სინამდვილეში ეს ადამიანები არიან პროფესიონალი იურისტები, მათ აქვთ შესაბამისი რეპუტაცია, წარსული და გამოცდილება და, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არ უერთდებიან მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც სტიგმატიზაციას ისახავს მიზნად.
„სტიგმატიზაციის მცდელობები, კლანზე საუბარი და ა.შ. არის მთლიანად მართული რადიკალური ოპოზიციის მიერ... „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ნაცმოძრაობა“ არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, ორივე არის უცხოელი აგენტი და ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხოურ ძალებს", – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მათ აწყობთ მხოლოდ ისეთი კანდიდატები, რომლებიც ჩაბმული იქნებიან ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში.
„ისინი, ვინც არ ერთვება ამ კამპანიაში, მიუღებელია რადიკალური ოპოზიციისთვის. ჩვენთვის ეს დამოკიდებულებაა მიუღებელი. ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ პროფესიონალებს, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", – განაცხადა კობახიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. 17 მაისამდე საბჭოში კანონით განსაზღვრული 15 ადამიანიდან მხოლოდ 10 იყო, ვინაიდან პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ პირს უფლებამოსილება უკვე ორი წლის წინ ამოეწურა.
გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და გიორგი გზობავას არჩევა შეძლო.
17 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ოპოზიციიდან ხმა მისცეს ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" დეპუტატებმა ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ. მათ იმავე დღეს დატოვეს ფრაქცია – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან შეთქმულებაში დასდეს ბრალი.
არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალარჩეული წევრები წარმოადგენენ იმ ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილს, რომელზეც ოპოზიცია მრავალი წელია საუბრობს, როგორც მმართველი პარტიის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებზე.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
სანქცირებული მოსამართლეები
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღშფოთებულმა წევრებმა ამის გამო პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.