თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში 2022 წელს უმუშევრობა 2021 წელთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11,3% შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ნათქვამია მსოფლიო ბანკის მასალებში.
საქართველოში მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევართა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის განახევრდა, 2012 წელთან შედარებით ის 46%-ით შემცირდა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ შეადგინა სამუშაო ძალის 19,6%, რაც ნიშნავს 324 ათას უმუშევარს, ხოლო 2022 წელს უმუშევარმა მუშახელმა 11,3%, ანუ 175 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები დასაქმებასა და უმუშევრობაზე განსხვავებულია დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17,3% შეადგინა, ანუ 2021 წელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში როგორც დასაქმების, ისე უმუშევრობის შემცირების მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 18% შეადგინა, ანუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 10,4 ათასი ადამიანით (3,6%) შემცირდა და 279,2 ათასი ადამიანი შეადგინა.