თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ხონში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ლაჭყეპიანმა დაწერა.
ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ვირუსი ერთ-ერთი მცხოვრების შინაურ ძაღლს დაუდასტურდა.
„დაუდასტურდა, სამწუხაროდ, ცოფის ვირუსი ხონის ცუგას, რომელსაც ადგილზე, ხონშივე აკვირდებოდნენ და გუშინ მოკვდა", – დაწერა ლაჭყეპიანმა.
ის მოსახლეობას მოუწოდებს, აცრან თავიანთი ცხოველები ცოფზე.
ცოტა ხნის წინ ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში – ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს დაუდასტურდა, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს.
მანამდე ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა მარტვილში, ამბროლაურში. იყო ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.