თბილისი, 22 მაისი — Sputnik. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარში საფინანსო სექტორში წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს, განაცხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. რეფინანსირების განაკვეთი თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად მაისში შემცირდა და 10,5% შეადგინა. რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთს 2022 წლის მარტიდან 11%-ზე ინარჩუნებდა.
ძნელაძის თქმით, იმის თქმა, რომ რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირპროპორციულად შემცირდება, ვთქვათ, 2%-ით და ლარში საპროცენტო განაკვეთიც 2%-ით შემცირდება, არასწორი იქნება. მაგრამ ცხადია, რომ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთებს ლარში შემცირების ტენდენცია ექნება, აღნიშნა ძნელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
„ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი ვატო ბაბუნაშვილი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას რეგულატორის მხრიდან სწორ სვლად და საქართველოს ეკონომიკისთვის სწორ სიგნალად მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, რეფინანსირების განაკვეთი მაღალი რჩება.
„ნელ-ნელა მონეტარული პოლიტიკა შეიძლება უფრო შესუსტდეს... შესაძლოა, კიდევ მეტი შერბილებები იყოს", – განაცხადა ბაბუნაშვილმა და დაამატა, რომ ის დარწმუნებულია, ეს საბაზრო განაკვეთებზე აისახება.
ექსპერტები ელოდებიან, რომ საფინანსო სექტორი თანდათანობით შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს და წლის ბოლოსთვის, მათი პროგნოზით, საპროცენტო განაკვეთებმა ლარში აღებულ კრედიტებზე უნდა დაიწიოს.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, რისკები ისევ არის და სწორედ ამიტომ შეამცირეს საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 0,5%-ით.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის თამთა სოფრომაძის განცხადებით, რისკები მაღალია. ერთ-ერთი ძირითადი რისკია მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია, ასევე მნიშვნელოვანი რისკია ინფლაციური ზეწოლა შრომის ბაზრის მხრიდან, აღნიშნა მან.
მისი თქმით, ბოლო დროს შრომის ბაზარზე შეინიშნება ხელფასის ზრდა, რაც წარმოებაში პერსონალზე ხარჯების ზრდას იწვევს. აქედან გამომდინარე, რეგულატორი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ ტენდენციებს, რადგან ამან შეიძლება ინფლაციური ზეწოლა შექმნას.
რამდენად წახალისდება საკრედიტო აქტიურობა და რამდენით გაიზრდება ლარში კრედიტზე მოთხოვნილება რეფინანსირების განაკვეთის ხარჯზე, ამის განხილვა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება წლის ბოლომდე, მიიჩნევენ ექსპერტები.
ძნელაძე აღნიშნავს, რომ საჭიროა მომდევნო ნაბიჯებზე, შერბილებაზე დაკვირვება, რათა უფრო მკაფიო იყოს საუბარი აქტიურობის გაზრდაზე. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანი იქნება საკრედიტო საქმიანობის გააქტიურებისთვის.
გარდა ამისა, ლარში მოთხოვნის სტიმულირებასთან ერთად, ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკას ინარჩუნებს.
იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო შენარჩუნებული და ეს ტენდენცია ისევ რჩება წლის ბოლომდე, ეროვნული ბანკი არ აპირებს გადახედოს მდგომარეობას, რომლითაც დოლარში იპოთეკური სესხების დაფარვის ვადა 10 წლამდე შემცირდა.
სოფრომაძის თქმით, იმასთან დაკავშირებით, რომ დოლარიზაცია კვლავ მაღალ დონეზეა, ამ კუთხით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
ეროვნული ბანკი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკას ატარებს. კერძოდ, ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი წესი, რომელიც სესხის დოლარში გაცემას კრძალავს ფიზიკური პირებისთვის – 200 ათას ლარზე ნაკლები თანხის შემთხვევაში.
საქართველოში დოლარში სესხების გაცემაზე შეზღუდვები 2017 წლის იანვარში, დედოლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაწესდა.
დოლარიზაციის დონის შემცირება უკავშირდება ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის კურსის რყევის შემცირების პოლიტიკას.
გარდა ამისა, როგორც ეკონომისტები განმარტავენ, რაც უფრო ნაკლებია ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მიმოქცევა, მით უფრო სტაბილურია ეროვნული ვალუტის კურსი და მეტია მისი გამყარების შანსი.