მსოფლიო დღეს

იაპონიის ელჩი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუნ ვეიდუნმა იაპონიის ელჩი გამოიძახა, რათა პროტესტი გადაეცა G7-ის სამიტზე „ჩინეთთან დაკავშირებული აჟიოტაჟის" გამო, იუწყება სააგენტო Reuters ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.

„იაპონიამ, რომელიც წელს G7-ს თავმჯდომარეობდა, სხვა ქვეყნებთან ერთად შეურაცხყოფა მიაყენა და თავს დაესხა ჩინეთს ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ ღონისძიებებზე, ასევე ერთობლივი განცხადებით. ასეთი უხეში ჩარევა ჩინეთის საშინაო საქმეებში ზიანს აყენებს ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარებას. ამასთან დაკავშირებით ჩინეთი გამოხატავს ძლიერ უკმაყოფილებას და მტკიცე პროტესტს“, — აღნიშნა სუნ ვეიდუნმა.

ჩინელი დიპლომატის თქმით, იაპონიამ უნდა გამოასწოროს ჩინეთისადმი მიდგომა და იმ ოთხი პოლიტიკური დოკუმენტით გათვალისწინებულ პრინციპებს მისდიოს, რომლებიც ჩინეთსა და იაპონიას შორის არის გაფორმებული.
Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიების ლიდერებმა სამიტზე სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში მზარდი დაძაბულობის, ასევე ჩინეთში, მათ შორის ტიბეტსა და სინძიანში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვითარების გამო.
როგორც ჩინეთში იაპონიის ელჩმა ჰიდეო ტარუმიმ განაცხადა, G7-სთვის „ბუნებრივია“, ყურადღება გაამახვილოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, და იმსჯელოს მათ მოგვარებაზე. მისი თქმით, თუ ჩინეთს სურს, რომ აღნიშნული საკითხები აღარ ახსენონ, „პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას პრობლემური საკითხების გადასაჭრელად“.
წყარო: Reuters