ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება: რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი ცხოველს

სპეციალისტები მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი იქნება შემოღებული, განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
ხონში ცოფის ვირუსი დღეს ერთ-ერთი ადგილობრივის შინაურ ძაღლს დაუდასტურდა. ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი, ვისაც ძაღლთან ჰქონდა შეხება, მათ შორის სამი ბავშვია.
მერის ინფორმაციით, ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა. ფაქტი წინა კვირაში მოხდა. სამივე მათგანს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა ერთ ბავშვს, გარკვეული მიზეზების გამო, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატი ვერ გაუკეთდა. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
ხონში ცოფის ვირუსი გამოვლინდა >>
ცოტა ხნის წინ ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში – ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს დაუდასტურდა, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს.
მანამდე ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა მარტვილში, ამბროლაურში. იყო ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.