დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით საპატრულო პოლიცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებს.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი დღით შეიზღუდება 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 2,5 წელი იარსება.
უწყების ცნობით, 23 მაისის 24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ასევე რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.
ტრანსპორტის მოძრაობა ასევე იკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ავტომობილები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. მთაწმინდიდან კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის მოედნის მიმართულებით.
ილია მეორე: წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს>>>
შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.
კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეუძლია ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით სანაპიროს მიმართულებით.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით საპატრულო პოლიცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებს, საჭიროების შემთხვევაში კი პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.
27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.