საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი– Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 მაისს იწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, იუწყება განათლების სამინისტროს პრესსამსახური.
2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში 14103 ადამიანი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალია, 53,4% მამაკაცი. წლის ბოლომდე პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობამ შეადგინა 94, აქედან 42 იყო სახელმწიფო, 52 კერძო სასწავლებელი.
გლდანის პროფესიული კოლეჯი
უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
„ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას, პროფესიულ განათლებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, იქნება გათვალისწინებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალური საჭიროებები.
2023 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც.
აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და, სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.
გლდანის პროფესიული კოლეჯი
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს.
პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50%-ის ან მეტის მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
გლდანის პროფესიული კოლეჯი
2023 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - vet.emis.ge.
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.
2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით პროფესიული უნარების სააგენტო შეიქმნა.
განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის პროფესიული განათლების ბიუჯეტი 730 მილიონ ლარს მიაღწევს.