როდის ამოქმედდება ჯარიმები ვანდალიზმისთვის

კანონდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში
Sputnik
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის სასჯელს ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 30 მაისს ამოქმედდება.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით ჯარიმდება.
კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
ბრძოლა ვანდალიზმთან: როდის ამუშავდება აპლიკაცია „ფიქს თბილისი" >>
თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
ამასთან, თბილისის მერიამ უკვე აამოქმედა აპლიკაცია Fix Tbilisi, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ.
ამ ეტაპზე აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
მანამდე თბილისის მაცხოვრებლები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ შეტყობინებებს თბილისის მერიას ცხელი ხაზისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ან სოციალური ქსელების გამოყენებით უგზავნიდნენ.