თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბორჯომში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 149 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილი ფიცარი და 15 ერთეული მორი.
ქალაქ ბორჯომში, ვაშლოვანას დასახლებაში გამოვლენილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან კი ამოღებულია 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი.
უწყების ცნობით, ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.