თბილისი, 20 მაისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში 2,4 ათას დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი დააანონსა.
პროექტის ღირებულება 245 მლნ ლარს შეადგენს. ახალი კორპუსები აშენდება სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 7 ჰა ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფომ გამოყო.
„11 კორპუსი აშენდება, 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება, დაახლოებით, 2 წელიწადში. 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ ასე ამბობენ, შეიძლება მანამდეც დასრულდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთად დევნილთა ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა მსგავსი მასშტაბური პროექტების დაწყება სხვა ქალაქებშიც დააანონსა.
კერძოდ, პრემიერის ინფორმაციით, ძალიან მალე მშენებლობა ზუგდიდშიც დაიწყება, ტენდერი უკვე ჩატარდა, პროექტი კი 1,4 ათას ბინაზეა გათვლილი.
ქუთაისში იწყება ანალოგიური პროექტი, რომელიც 700 ოჯახზე არის გათვლილი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში - 150 ოჯახზე.
„ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ამ ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჯამურად დაიხარჯება თითქმის 700 მილიონ ლარამდე ამ 2-3 წლის განმავლობაში“,- განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 ათას დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები. საუბარია თითქმის 100 ათას ადამიანზე.
ასევე, მისი თქმით, მიმდინარე წელს ათას ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონეს.
„ასე რომ მე ვფიქრობ, ძალიან მაგარი ტემპებით მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნება და მთავარი მიზანი უნდა იყოს დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს დევნილებს დარჩებათ მათ საკუთრებაში“, - დასასრულს აღნიშნა პრემიერმა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მოქმედებს.
სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის ყიდულობს ბინებს; აშენებს რეგიონებში მრავალსართულიანი სახლების კვარტლებს; მათ აძლევს თანხას სოფელში სახლის შესაძენად; საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ამ დროისთვის ცხოვრობენ; იხდის საცხოვრებლის ქირას.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.