თბილისი, 19 მაისი — Sputnik. იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით 62 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები 6 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანდა, თუ როგორ ავიწროვებდა სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მოსწავლეებმა გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.
მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.