როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა

საქართველოს მთავრობა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას 2023 წლის შემოდგომაზე გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ინვესტორებს ანაკლიის პორტზე წინადადებების მიღება ერთი თვით გაუხანგრძლივა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ინვესტორს ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი.
დაინტერესებულ პირებს კვალიფიკაციის განაცხადების წარდგენის ვადა 19 მაისის 18:00 საათამდე ჰქონდათ, ახლა კი ვადამ 19 ივნისამდე გადაიწია. ასევე გადაიწია წინადადებების მიღების საბოლოო ვადა – 17 ივლისის ნაცვლად ახლა 28 ივლისია.
საქართველოს მთავრობა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს.
მალე - პრემიერი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაზე>>
ამჟამად უცნობია, არიან თუ არა ინვესტორები დაინტერესებული პროექტით. ცნობილია მხოლოდ, რომ 30 აპრილის მდგომარეობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოში არცერთი ოფიციალური განაცხადი არ შესულა.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ პორტში ტვირთის მოზიდვის პასუხისმგებლობა მთლიანად ინვესტორზე იქნება და მთავრობა ინვესტორის ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევას არ აპირებს.

„თუ ოპერატორი ვერ იძლევა ტვირთების ტრაფიკის გარანტიას, მაშინ აზრს კარგავს – გვყავდეს კერძო ოპერატორი აქ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ორჯერ უფრო ნაკლებ პროცენტში მოიზიდოს საკრედიტო დაფინანსება", – განუცხადა ხუციშვილმა BMG-ს.

ტერიტორია, სადაც პორტი განვითარდება, უკვე სახელმწიფოს – სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის.
როგორც უფრო ადრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, სააგენტო შექმნის სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს არსებული დოკუმენტების განახლებას, მათ შორის, დოკუმენტებს გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე, ტექნიკურ დოკუმენტაციას, რათა შესაძლებელი გახდეს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს.
დავითაშვილმა განმარტა, რომ მოგვიანებით ეს ერთობლივი კომპანიის ნაწილი იქნება, სადაც ხელისუფლება კერძო პარტნიორს შეარჩევს.
მთავრობა ერთობლივ საწარმოს შექმნის ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადის საფუძველზე შერჩეულ კომპანიასთან, სადაც 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, ხოლო დანარჩენი – კერძო პარტნიორის.
ანაკლიის პორტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ "ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას>>
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.