რატომ არ არის საქართველოში ჩუტყვავილას ვაქცინა: მინისტრის განმარტება

ჩუტყვავილას ვაქცინა ოფიციალურად ჩვენი აცრების კალენდარში არასდროს ყოფილა, რადგან არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, არც ექსპერტთა ჯგუფს ასეთი რეკომენდაცია არ გაუცია, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ჩუტყვავილას ვაქცინა საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი იმის გამო, რომ სასურველი ეფექტის მისაღწევად უნდა აიცრას რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანების 80%, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
ჩუტყვავილას ვაქცინის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოთხშაბათს გორში ოთხი წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელსაც ჩუტყვავილას პირველი ნიშნები დაახლოებით ერთი კვირის წინ გაუჩნდა.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჩუტყვავილას ვაქცინა ოფიციალურად ჩვენი აცრების კალენდარში არასდროს ყოფილა. არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, არც ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია ყოფილა ოდესმე, რომ ვაქცინა კალენდარში შეგვეტანა. აქ მეორე პრობლემა ისაა, რომ თუ არ აიცრა რისკ-ჯგუფების მინიმუმ 80%, აცრას აზრი არ აქვს“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, 80%-იანი მოცვა ქვეყნის მასშტაბით იმდენად რთულია, რომ არაეფექტურობამდე მივდივართ და ვაქცინის შემოტანას აზრი ეკარგება. ამასთან აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შემოტანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ჩუტყვავილა

2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების უჩვეულო მატება, თუმცა 2023 წლის მარტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სიტუაცია დასტაბილურდა.
ჩუტყვავილაზე აცრა საქართველოს სავალდებულო აცრების ეროვნულ კალენდარში არ შედის. ქართველი ექიმების თქმით, ჩუტყვავილას ფასიანი ვაქცინა საქართველოში ადრე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ბოლო ორი წელია ის ქვეყანაში არ შემოდის. შესაბამისად, მშობლები სურვილის შემთხვევაში ჩუტყვავილაზე ბავშვებს ვერ აცრიან.
ჩუტყვავილას ვაქცინას ევროპასა და შეერთებულ შტატებში უტარებენ ერთი წლის ასაკის ბავშვებს.
ევროპაში და აშშ-ში ჩუტყვავილის აცრა ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს უტარდება.
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი: ბავშვის სიკვდილი ჩუტყვავილას გართულებამ გამოიწვია >>
ჩუტყვავილა არის მწვავე და უაღრესად გადამდები ვირუსული დაავადება. ჩუტყვავილა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და, იმუნიზაციის პროგრამის არარსებობის შემთხვევაში, შუა ასაკამდე პრაქტიკულად ყველა ადამიანს ემართება.
ჩუტყვავილა გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან ინფიცირებული პირის დამახასიათებელ დაზიანებებთან პირდაპირი კონტაქტით. კლინიკური ჩუტყვავილის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 10-21 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ და მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, გამონაყარს და დამახასიათებელ ქავილს.
ბუშტუკები თანდათან ქერქით იფარება, რომელიც ქრება 7-დან 10 დღემდე ვადაში. ადამიანები გადამდები რჩებიან მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება.
ჩვეულებრივ, ჩუტყვავილა კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, მაგრამ გართულების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენცეფალიტი, მიოკარდიტი, პიოდერმია და ლიმფადენიტი. დაავადება 60000-დან ერთ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება.