თბილისი, 18 მაისი – Sputnik. 2010 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს მოსახლეობის 30%, ხოლო 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 94%-ს გადააჭარბა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში 2013 წლიდან ფართოდ ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (მოქალაქეთა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა) და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეღავათები მედიკამენტების შესაძენად.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე და გაიზარდა ფინანსური დაცულობა - თუ 2012 წელს მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების მაჩვენებელი იყო 73%, 2022 წელს ის 40%-მდე შემცირდა, აღნიშნა მინისტრმა.
„2013 წლიდან, საქართველოს მთავრობამ, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა, რაც საფუძვლად დაედო, ქვეყნისთვის, უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას - მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შექმნას“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად არ შეხებია საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, აღნიშნა აზარაშვილმა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ოჯახის ექიმებისა და სამედიცინო სპეციალისტების მომსახურებას, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.
2013 წლიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ქვეყნის მოსახლეობის 94%-მა ისარგებლა. ათ წელიწადში სახელმწიფომ დააფინანსა დაახლოებით 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, რაზეც დაახლოებით 7 მილიარდი ლარი დაიხარჯა.