ქრთამის მიცემა და სახელმწიფო მიწის ხელში ჩაგდება: პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს.
ქრთამის სანაცვლოდ მათ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
ოთხივე პირს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, ხოლო ორ ბრალდებულს ასევე დამატებით წარედგინა ბრალდება საჯარო მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ, მისი გარდაცვალების გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
კალაძე: Fix Tbilisi-ის აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა >>
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.