კობახიძე: ყველას ესმის მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატიზმი, ხოლო საქართველოსი - არა

ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ 12 დავალება მიიღო. საქართველოს ხელისუფლებამ ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველო, მოლდოვის მსგავსად, ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ მაინც კრიტიკის ობიექტი ხდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ საქართველო რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შემდეგ დათანხმდა ქვეყნებს შორის ფრენების განახლებაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ იწვევს შეშფოთებას მისი ევრომისწრაფებების გათვალისწინებით.

„ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა. მოლდოვა არის დაახლოებით ჩვენ მსგავს ვითარებაში, არის დღემდე დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს გახდება ნატოს წევრი, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის", – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

არავინ აკრიტიკებს მოლდოვას ფრთხილი პოლიტიკისთვის და ყველა ამას გაგებით ეკიდება, აღნიშნა მან.

„არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოლდოვაში არის პრორუსული. თქვენ იცით საქართველოზე რას ლაპარაკობენ – ათას სისულელეს, ათას აბსურდსა და ტყუილს", – აღნიშნა კობახიძემ.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მან მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო, და სადაც საუბარია ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე, სამარცხვინო უწოდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ევროდეპუტატი მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და მას დასავლური კურსიდან გადახვევაში სდებს ბრალს.
ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის: ევროკავშირი შეშფოთებულია>>
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", აბრკოლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და ცდილობს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯი შელახოს.
„მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა როცა ყველას ესმის და ჩვენი ამის ნახევარიც არ ესმით, აქ საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამის მიზეზი. მგონი, მიზეზი არის ერთი რაღაც: საქართველოსგან, სამწუხაროდ, ელოდებიან სხვა რამეს, მოლდოვისგან განსხვავებით. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსგან აქვს სხვა რამის მოლოდინი", – აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერი: ევროკავშირი განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, საქართველოს კი შეწყვეტისკენ მოუწოდებს>>
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იცავს. თავისი სანქციები კი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
რაც შეეხება კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
კობახიძე: სოროსის ფონდი აწარმოებს კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ>>
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
უფრო ადრე საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების დიდი ნაწილი შეასრულა და მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ.