თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ერთგულია ისეთი ღირებულებებისა, როგორიცაა ადამიანი უფლებები, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და, საერთო ჯამში, ქვეყანა მთელ რეგიონში დემოკრატიის მაგალითია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტზე.
„ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველო მტკიცე და მედეგია. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისა და ფუნდამენტური ღირებულებებისა, რაც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სასამართლო და საარჩევნო სისტემები.
„მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული დინამიკურ ქმედებაში. ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო სისტემა, ისე საარჩევნო სისტემა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს განვითარების დღის წესრიგის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია მედიის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. გამჭვირვალობა და ღიაობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტების მიხედვით. საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელ რეგიონში და ჩვენ დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას. ქვეყანამ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა და ახლა ელოდება კანდიდატის სტატუსს.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.