თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს 66,3 ათასი ადამიანით გაიზარდა და 1.283.700 ადამიანი შეადგინა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
არსებული სტატისტიკით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17,3% შეადგინა, ანუ 2021 წელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა.
„გაიზარდა მათ შორის დასაქმებულთა რაოდენობა. აქაც საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა იყო - 66,3 ათასით გაიზარდა... ეს ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ყველა დარგში იყო დასაქმების ზრდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაქმება გაიზარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
ამასთან, როგორც დავითაშვილმა განაცხადა, 2021 წელთან შედარებით უმუშევართა რაოდენობა 48,3 ათასი ადამიანით შემცირდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 15-19 წლის ასაკის მოქალაქეებში (47,4%), ყველაზე დაბალი – ტრადიციულად 65+ ასაკის მოსახლეობაში (3,6%). მთავარ მიზეზად „საქსტატი“ ასახელებს აქტივობის დაბალ დონეს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში.